მერის წარმომადგენლის შესარჩევად ხელახალი კონკურსია გამოცხადებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩოჩხათში, ლესაში, ნინოშვილსა და სუფსაში.
ხვალ, დღის 11 საათისთვის ლანჩხუთის მერი პრესკონფერენციას გეგმავს, სადაც ოფიციალურად წარადგენს ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებს.
როგორც გაირკვა, ლანჩხუთში არსებული 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან, შესაბამისმა კომისიამ მხოლოდ 12 თემში შეარჩია სათანადო კანდიდატურები, ხოლო ჩოჩხათის, ლესის, ნინოშვილისა და სუფსის საკითხზე კომისიას ხელახლა მოუწევს მსჯელობა.
ირკვევა, რომ ხვალინდელ პრესკონფერენციაზე, გარდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების წარდგენისა, იმ ორი ა(ა)იპ-ის დირექტორების წარდგენაც იგეგმება, რომლებიც ამ დრომდე ხელმძღვანელების გარეშე რჩებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში ხელმძღვანელად ნატა კობალავა ინიშნება, რომელიც აქამდე ოფიციალურად დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს, თუმცა, დირექტორის პოსტის ვაკანტურობის შემდეგ ცენტრში პირველი პირის მოვალეობას ის ასრულებს.
კობალავას კანდიდატურის პარალელურად იყო საუბრები ირმა კვაჭანტირაძეზეც, რომელიც წლების წინ მესამე საჯარო სკოლის დირექტორი იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ ა(ა)იპ-ის, რომელიც სამუსიკო და სამხატვრო სკოლების გაერთიანებით შეიქმნა, აქ, გავრცელებული ვერსიით, ხელმძღვანელად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გოგი ხელაძე ინიშნება, რომელიც ახლა საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის თანაშემწეა.