2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში 10 000 ლარი დაიხარჯება.
მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული 10 000 ლარი ამბულატორიის აშენებას მოხმარდება. ამბულატორია კი იმ ადგილას აშენდება, სადაც წლების წინ სოფლის ადმინისტრაციული შენობა იდგა, ასევე, სკოლა ფუნქციონირებდა.
თუმცა დღეისთვის სოფელში არც სოფლის ადმინისტრაციული შენობა დგას და არც სკოლა, რადგან შენობა დაშალეს. არ არის არც საბავშვო ბაღი და არც მაღაზია.
„ჭაჭიეთის მოსახლეობას შორის ერთსულოვნება იყო და სხვა პრობლემას არც განიხილავდნენ. ადმინისტრაციული შენობა რომ იდგა ადრე ცენტრში, იქ უნდათ პატარა შენობის დადგმა ამბულატორიის სახით. გამოყოფილია 10 000 ლარი. ეს თანხა თავიდან ბოლომდე არ ეყოფა, მაგრამ ამ ეტაპისთვის შენობის აშენებას და გადახურვას ჰყოფნის“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ზურა მათითაიშვილმა.
მერის წარმომადგენლის თქმითვე, ცოტა ხანში სოფელში წყლის მილების დამარხვის სამუშაოები უნდა დაიწყოს, რომელიც გასულ წელს გაიყვანეს.
როგორც მათითაიშვილმა გვითხრა, სამუშაოების დასაწყებად ამინდების გამოსვლას ელოდებიან.