პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში(International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.
ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“.
კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა. ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.