“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს.
“წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ავტომობილი დაუწვეს. გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს”,-აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციაში.