ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა, 30 მარტს, ხელოვნების სასახლეში გაიმართა. სხდომის ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარების მიზანი სოციალური დინსტანციის დაცვა იყო. წინასწარ ჩატარდა დარბაზის დეზინფექცირება, გატარდა ყველა ზომა ჯანდაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის შესაბამისი წესების დასაცავად.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებაც _ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში უნდა გაითვალისწინონ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, საგანგებო ბიუჯეტის პროექტი, პროგრამული კოდით „01 07“ _ „საგანგებო ბიუჯეტი“.
აღნიშნულ კოდში დაფინანსდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 1 თვის საკვები პროდუქტების შეძენა; მარტოხელა ხანდაზმული ასაკის მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების შეძენა; სანიტარულ-ჰიგიენური ინვენტარის შეძენა;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის საჭირო საწვავის (ბენზინი, დიზელი) შეძენა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამისი დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პროცედურას.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგის სხვა საკითხებიც.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი რიგგარეშე გასვლითი სხდომა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დღის 12 საათზე, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართება.