აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საზღვარზე შესვლა მკაცრდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში წასვლის მსურველებს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დიპლომატიური უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ისრაელის კანონმდებლობა და მესაზღვრეს დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია მოგზაურობის მიზნების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი, თან იქონიონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
„ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებები და მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. კერძოდ, მგზავრობის მიზნობრიობა, ფინანსური უზრუნველყოფა და მოთხოვნის შემთხვევაში, მათ გარკევეული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ, თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენი ხანი უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები”, – განაცხადა ტაბატაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, წერილობითი ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდება.
„ჩვენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც, შესაძლოა, მათ მიმართ იქნას წაყენებული, როგორც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ისე იმ სასულიერო პირებისგან, ვინც ემსახურება ტაძარში წესრიგის დამყარებას. ნებისმიერი შეპასუხება თუ უკმაყოფილება, შესაძლოა, აღიქვან გარკვეულ დარღვევად და ამას მოჰყვეს მყისიერი, ადეკვატური რეაქცია”, _ დასძინა გიორგი ტაბატაძემ.
როგორც გიორგი ტაბატაძემ აღნიშნა, ისრაელში გამკაცრებული კონტროლი, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებს და ბოლო პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება.