საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის გამოქვეყნებას ეხმაურება. აღნიშნულტან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
”ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით შედეგი გამოიღო და საქართველოს მოსახლეობისათვის კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი მოიტანა. უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.
უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები”, – ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved