2026 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე1 სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ამავე სხდომის თავმჯდომარე თამარ მახარობლიძემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატები.
საიას განცხადებით, ადვოკატების გაძევებას წინ უძღვოდა ის, რომ სხდომაზე მიმდინარეობდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის დაკითხვა. დაცვის მხარის განცხადებით, ექსპერტის კვალიფიკაციასა და მის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული კითხვების დასმის შესაძლებლობა შეიზღუდა, ხოლო ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის და შოთა კახიძის მხრიდან განმარტების მოთხოვნას და პოზიციის დაფიქსირებას მოჰყვა ადვოკატის გაძევება. ადვოკატები სხდომიდან მოსამართლე თამარ მახარობლიშვილმა გააძევა, რომელიც ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს შეუზღუდა დარბაზიდან სატელევიზიო ჩართვის მიზნებით გასვლა შემდგომში დაბრუნების მიზნით.
“საქართველოში დაცვის უფლება გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, თუმცა დაცვის უფლების განხორციელების ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს მხოლოდ ფორმალურად, აღნიშნული უფლების კანონმდებლობაში მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ, ყველა ასეთი უფლება, პრაქტიკული და ეფექტიანი უნდა იყოს, და არა თეორიული და ილუზორული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის დაკითხვაში დაცვის მხარის ეფექტიანი მონაწილეობა არის დაცვის უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. მოწმის დაკითხვის დროს ბრალდებულის ან/და ადვოკატის გაუმართლებელი ან არაპროპორციული შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება დაცვის უფლების პრაქტიკული და ეფექტიანი განხორციელების პრინციპს. იმის გათვალისიწინებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ექსპეტრიზის დასკვნები ხშირად იკავებს საკვანძო ადგილს, ბუნებრივია, რომ აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევა დაცვის მხარის მიერ ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას.
დაცვის მხარის კითხვების დაუსაბუთებლად განრიდება და ამ ფორმით ადვოკატის შეზღუდვამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებაზე, რაც დაუშვებელია. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია, დაასაბუთოს კითხვის განრიდების გადაწყვეტილება. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლის როლი არის არა დაცვის შეზღუდვა, არამედ პროცესის იმგვარად მართვა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს ლეგიტიმური, აუცილებელი და პროპორციული. თუ მოსამართლე აკმაყოფილებს კითხვის განრიდების შუამდგომლობას, მან უნდა მიუთითოს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი (მაგალითად არარელევანტურობა, დამაზიანებელი/დამამცირებელი ხასიათი, სუბიექტური შეფასება, მოწმის დაცვის საჭიროება და ა.შ.), განმარტოს, რატომ არის კითხვა დაუშვებელი ან შეუსაბამო, დაცვის მხარის და დამსწრეთათვის ნათელი გახადოს, რომ კითხვის განრიდების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პროპორციულობის შეფასების შედეგად.
ადვოკატის (დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევება მის მიერ ექსპერტის კვალიფიკაციისა და მეთოდოლოგიის კრიტიკული გამოკვლევის პროცესში დასმული კითხვების შემდეგ, იმ პირობებში, როცა, მისივე განმარტებით, ის ვერ ისმენს სასამართლოს მხრიდან კითხვის განრიდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, შესაძლოა, შეფასდეს ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერ ჩარევად. ასევე, სხვა ადვოკატების მხრიდან ეს შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც მინიშნება, რომ აქტიური და პრინციპული დაცვა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ასეთი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ, კონკრეტული საქმის სამართლიან განხილვას, არამედ მთლიანად ადვოკატის ინსტიტუციურ როლსა და მისი დამოუკიდებლობის აღქმას სამართალწარმოებაში.
მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესის საკვანძო პრინციპია, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეები სარგებლობენ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობებით – წარადგინონ მტკიცებულებები, დასვან შეკითხვები და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია დამოუკიდებლად, ხოლო მოსამართლემ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოიცავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული და რეალური შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც არსებითად არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში. ეს უფლებები უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი და არა მხოლოდ ფორმალურად უზრუნველყოფილი. თანასწორობის და შეჯიბრობითობის, აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვისთვის მნიშვნელოვანია დაცვის მხარემ ყველა ჯერზე მოისმინოს კანონიერი, რელევანტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიერ დასმული კითხვების განრიდებასთან მიმართებაში.
ადვოკატის სასამართლო სხდომიდან გაძევება არის უკიდურესი ზომა და უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, პროპორციულ და დასაბუთებულ საფუძველს. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იგი უხეშად არღვევს სამართლებრივ ან ეთიკურ ნორმებს. დაუშვებელია, დაცვის უფლებას კანონისა და პროფესიული ეთიკის შესაბამისად დასმული კითხვების და დაფიქსირებული პოზიციების გამო, ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემა ან/და გაძევება. ასეთი გადაწყვეტილებები ზრდის მოსამართლეთა თვითნებობის რისკს და აზიანებს ადვოკატის საქმიანობის ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დაცვის უფლების უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართლო და ადამიანის უფლებების გარემოს მონიტორინგის ფარგლებში, არაერთ გამოწვევას დააკვირდა 2025 წლის განმავლობაშიც, რომლებიც ადვოკატების პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეხებოდა. მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებულ 8 პირს.5 კერძოდ, სასამართლო პროცესზე არ იყო უზრუნველყოფილი საქმის ზეპირი განხილვისთვის საჭირო ლოჯისტიკური გარანტიები. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, ნაცვლად იმისა, გადაეტანა სხდომა შედარებით დიდ დარბაზში, ადვოკატებისა და ბრალდებულების მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ დარბაზის დატოვების საპასუხოდ, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩართო, რითაც ბრალდებულები დააყენა არჩევანის წინაშე: სასამართლო დარბაზში წარმოდგენილი ყოფილიყო მათი ადვოკატი (მიუხედავად ზემოაღნიშნული კომუნიკაციური გამოწვევებისა); ან, მათ ინტერესებს სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავდა, რომელთანაც მანამდე მათ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. საიამ მიიჩნია, რომ ასეთი მიდგომა სასამართლოს მხრიდან იყო ბრალდებულის უფლების განზრახი უგულვებელყოფა, დაცული ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ. მიგვაჩნია, რომ მომავალშიც სასამართლომ არ უნდა მიმართოს მსგავს თვითნებურ და კანონშეუსაბამო პრაქტიკას.
საია, როგორც უფლებადაცვითი და მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადვოკატებისთვის პროფესიული მოვალეობის ხელშეშლა არის ადამიანის უფლებების კრიზისის საგანგაშო განზომილება და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლს, არ დაარღვიონ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გარანტიები”,_ აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.






























































