„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებლის“ შეგზავნაზე უარს ეხმიანება და მას ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითად მიიჩნევს.
ორგანიზაციის განცხადებით, უწყების პოზიცია უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
შემთხვევა 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა, როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარს აღნიშნული რომანი არ გადასცა. მოგვიანებით, 24 აგვისტოს, უწყებამ ადვოკატ გიორგი ჩხეიძის მიმართვაზე ოფიციალური პასუხი გაავრცელა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, წიგნის სათაური შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურად“ ითვლება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქნას დაწესებულების უსაფრთხოებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას.
საია-ში განმარტავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით, სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს, თუ რა კონკრეტულ საფრთხეს შეიცავს წიგნის ტექსტი (მაგალითად, ძალადობისკენ მოწოდება ან წესრიგის დარღვევა), ხოლო სათაურის „ბუნდოვანებაზე“ აბსტრაქტული მითითება უფლების შეზღუდვის გამართლება ვერ გახდება.
„ლაშა ბუღაძის წიგნი „დამკვირვებელი“ დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას შეეხება. არსებული ფონის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პენიტენციური სამსახურის პოზიცია, რაც, რეალურად, წიგნის ანტი-ავტორიტარული შინაარსის გამო, მის პოლიტიკურ ცენზურაზე მიუთითებს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.


































































