ლანჩხუთის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური „გურია ნიუსთან“ საუბარში ადასტურებს ინფორმაციას უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თაობაზე.
როგორც გაირკვა, საკრებულოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა უმრავლესობის გუნდის წევრმა თორნიკე ტიკაძემ, რომელიც მერის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა. როგორც ამბობენ, საკრებულოში ტიკაძეს მისივე თანაგუნდელი ვენე კვირკველია ჩაანაცვლებს.
ცვლილებები შეეხო მერიის ზოგიერთი სამსახურის უფროსსაც და ზემდგომის გადაწყვეტილებით, ქონების მართვისა და აუდიტის სამსახურის უფროსებს ერთმანეთისთვის კაბინეტების გაცვლა მოუწიათ. გია ნაჭყებია , რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა აუდიტის სამსახურს, ამიერიდან ქონების მართვას უხელმძღვანელებს. მამუკა ვადაჭკორიას კი, რომელიც ამ სამსახურში უფროსის რანგში იყო, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა გოგი ფაცურიამ მერის პირველი მოადგილის სავარძელი დაიკავა, ახლა შიდა აუდიტის სამსახურს ჩაუდგება სათავეში.