ჩინეთში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის თქმით, საქართველო და ჩინეთი ტურისტული ჯგუფების უვიზოდ მიმოსვლაზე წელს ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამის შესახებ მან “მაესტროს” პირდაპირ ეთერში თქვა.
ელჩის განცხადებით, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოები გახსნას. ელჩის თქმით ამ მხრივ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება.
დავით აფციაურის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება.
“საქართველო, პრაქტიკულად, არის ერთადერთი ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ევროპაში, რომელსაც გააჩნია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, აღარ ვლაპარაკობთ თურქეთსა და სხვა მეზობლებზე, საქართველო შედის იმ სივრცეში, სადაც ყველაზე საინტერესო, ხელსაყრელი პირობებია საქმიანობისთვის”, – განაცხადა დავით აფციაურმა.
2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს შეთანხმება გაზრდის საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.