საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადამიანებს.
“გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე.
ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ.
მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში. ევროპა და ამერიკა წალეკა კორონავირუსმა, მთელი თაობა შეიწირა! საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის, ამას გადაურჩეს: ტალღები იქნება – ძალიან მალე! მაგრამ ცუნამს უნდა გადავურჩეთ! თავისუფლების, ხეტიალის, ადამიანების სიყვარულში მე არ გეჯიბრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც თქვენ შემეჯიბრებით.
ძალიან, ძალიან გთხოვთ, თბილისსა თუ თბილისს გარეთ – ან სახლში დარჩით ან დისტანცია დაიცავით.
ქარავანი დაძრულია და თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!“ – წერს გიორგი კეკელიძე.