საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის ამუშავებასა და ქვეყანაში სტუმრების მიღებას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ამაზე აქტიურად მუშაობს როგორც ტურიზმის სააგენტო, ისე – საგერეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები. დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან, ამ მიმართულებით, წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს. ეს სულ მალე, ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, მალე მივიღოთ სტუმრები ამ ქვეყნიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ მათ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ავსტრიასთან.
საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს. ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.