საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.
ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg.
„მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში 50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს და ტურიზმს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეტ ინვესტორს, არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. (R)