ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.
„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, რადგან წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ მაჩვენებელი არის -5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე – აპრილის მაჩვენებელი. თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, თვიდან თვემდე, როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16.6%, მაისში -13.5%, ივნისში, მაშინ, როცა პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები, იყო -7.7% და ივლისში – 5.5%. ანუ, პრაქტიკულად, სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.