საქართველოს იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
გოჩა ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.
1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად.
2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი, ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი იყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დღეს წარუდგინა.
კერძოდ:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.