საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე მოქმედებს. ბიომეტრული პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონასა და ევროკავშირის რამდენიმე წევრ და არა წევრ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 დღის ვადით შეუძლიათ.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიმბოლურად უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში – ათენში უვიზოდ გაემგზავრა.
“ეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ უკვე იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეროვნულ უნივერსიტეტში გიორგი კვირიკაშვილი კონფერენციას სახელწოდებით საქართველო ევროპიდან ევროპამდე გახსნის. დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან.
ათენიდან საქართველოს დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში ჩავა. გაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.
rustavi2.com