სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.
კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.
პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.
პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია სუს-ს ინფორმაციაში.