საქართველოს პრემიერმინისტრი გიორი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხტრალის საქართველოდან გაუჩინარებასა და მის აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს.
“შემიძლია გითხრათ, ჩემი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. მე შევთავაზე აფგან მუხტარლის ოჯახს, ცოლს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ არის დაკავებული, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აფგან მუხტარლის ოჯახის წევრების თქმით, ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ბაქოს საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.
თუმცა, მუხტარლის ახლობლებს, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში გაუჩინარება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა.
imedinews.ge