2017 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069,1 ლარია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია, ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროში. თუ მშენებლობაზე დასაქმებულთა საშუალო ნომინალური შრომის ანაზღაურება 1999,5 ლარია, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 565,7 ლარს შეადგენს.
III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მშენებლობის შემდეგ ანაზღაურების ოდენობით საფინანსო სექტორი მოდის, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1861,3 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის სამთომომპოვებითი მრეწველობა (1337,7 ლარი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (1329,8 ლარი) და სახელმწიფო მმართველობა (1296,4 ლარი).
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის III კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 818,7 ლარი შეადგინა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში – 958,5 ლარი.