საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვალების სამი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ორი თბილისში, ერთი კი საჩხერეში.
ენდელაძის თქმით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდასთან ერთად კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც იზრდება.
„1-ელ სექტემბრამდე, სულ 1 510 შემთხვევა იყო და ამის შემდეგ, თვენახევარი არაა გასული და ძალიან ბევრია. ამდენად, გაიზარდა კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა რაოდენობა, პროცენტულად, არ არის მაღალი“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.