გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ.
კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე შედგა საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა.
შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე.
საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას.
საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
VCA4D-ის პროცესი აღნიშნული პირველი შეხვედრით დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ 2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს ოთხი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი.
VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura – ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით.
სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი; პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და ძირითადად რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი კვლევა.