ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა, რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში გუშინ ღამე ჩამოვიდა.
ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინური ვაქცინა გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი , აზერბაიჯანი და სხვ.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 91 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.