IDFI- ის ინფორმაციით, საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ვლევაშია საუბარი
„საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ისე, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ხდება მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა.
შესაბამისად, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში მითითებული არ არის უარის კონკრეტული დეტალები, დასახელებული არ არის თავშესაფრის მაძიებლებისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძვლებიც კი, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი ან სხვ.
კვლევის შედეგად იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა:
იმის გამო, რომ თავშესაფრის მაძიებლებს და არც მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს არ აქვთ დასახელებული ინფორმაცია, ისინი ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
იმის გამო, რომ დასახელებული ინფორმაცია მოცემული არ არის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს.
IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზებით.
IDFI-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს. შესაბამისად, IDFI-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები, სადაც მოპასუხეს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო დავის საგანს კი სამინისტროს მიერ აპელანტთათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლით თავშესაფრის მინიჭებაზე უარი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნა წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა ყველა იმ გადაწყვეტილებისა და განჩინების ასლი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში იქნა გამოტანილი”,- აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.