პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე მთავრობის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომლის მიხედვით მარიხუანის წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით, ლეგალური ხდება.
ცინცაძე კანონპროექტის მანკიერებაზე საუბრობს და დასძენს, რომ ამ საქმის უკან, შესაძლოა, გარკვეული პირების ბიზნესინტერესები იკვეთებოდეს.
,,არ ვიცი, სად მთავრდება ჭორი და სად იწყება სიმართლე, როცა საუბარია, რომ ამ საქმეში კონკრეტული ადამიანების ბიზნესინტერესები იკვეთება. რა არის პარლამენტის მიზანი, მარიხუანის მომხმარებელთა შემცირება თუ გაზრდა? მარიხუანის ექსპორტით ყველაზე მარტივ გზას ირჩევენ მომხმარებელთა გასაზრდელად.
მერე რა, რომ მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიციას მმართველ გუნდში დეპუტატთა ნაწილი არ იზიარებს. ორი კვირის წინ ქუცნაშვილი დედას იფიცებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა იყოს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატიო. საქართველოში ახლა ვაზელინის დეფიციტია, ისე აქებენ ზურაბიშვილს.
მე მახსოვს მინისტრი, რომელიც გომბეშოების გამრავლებით აპირებდა ქვეყნის აშენებას. როგორც ჩანს, ახლა მარიხუანის ექსპორტით აპირებენ საქართველოს ეკონომიკის გამდიდრებას. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, _გვითრა ცინცაძემ.
მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაუჭერს მხარს, ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება.