10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოკლედ მიმოიხილა წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. შეეხო იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანი იყო მთელი წლის მანძილზე.
სახალხო დამცველმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესზე, შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს განხორციელებულ შეწყალებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე, დევნილთა ავარიული შენობებიდან (ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან) გამოყვანის აუცილებლობაზე.
დისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწასა და გამოვლენილ შემთხვევებზე. ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო შრომის პირობებზე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ცნობისთვის, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას. დეკლარაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს.
საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს დეკლარაციის მთავარ მისწრაფებას შეიქმნას ისეთი მსოფლიო, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე“.