სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო ერთ–ერთმა წევრმა, გია კაკაჩიამ დატოვა, _ იუწყება publika.ge.
მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი სახალხო დამცველის ბოლო პერიოდის განცხადებები, მათ შორის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ლევან იოსელიანის პოზიცია გახდა.
გია კაკაჩია განცხადებაში წერს, რომ ომბუსდმენის განცხადებები ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, აკნინებს ინსტიტუტს და ხელს უშლის შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი, ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.
„მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელია და მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, რათა მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრის უფლებების რეალურ დაცვას და მათ თანასწორობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია კაკაჩიას განცხადებაში.