საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ21-კმ22), რომელიც კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე გადის, პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ შიდა გზებთან მიერთებების მოწყობა. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ასევე გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების განთავსება, გზის მონიშვნა და შემოფარგვლა.
ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა მაღალმთიან კურორტ ბახმაროს ნაბეღლავის გავლით უკავშირებს და მას რეგიონში ტურისტული გადაადგილებისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 158 666 ლარით ფინანსდება”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.


































































