საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა 15 360 მ2 მოცულობის 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 828 960 ლარს.
მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.