ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის კუთხით, მაღალი შეფასება მიეცა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა იყო „მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ის სამართლებრივი მიდგომები, მაღალპროფესიონალური ღირებულებები და საჯაროობის პრინციპები, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში გამოავლინა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი გაუწია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭირვალობას. განხილული იქნა 1,016 ფიზიკური და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 120 შემომწირველი გამოკითხა, დაჯარიმდა 8 უკანონო შემომწირველი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მთლიანმა შემოწირულებამ 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, შემოწირულებების 65% კი მმართველმა პარტიამ – ქართულმა ოცნებამ მიიღო“. – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.