31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლებმა წინასწარ შეფასებაში განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-მ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა განათავსა.
დოკუმენტის თანახმადვე, წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.