„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში, გამოსაძიებელია და ამ დაპირისპირების შესწავლა სამართლებრივად უნდა მოხდეს.
ტარიელ ნაკაიძე: „გამოსავალი არის ერთი: სახელმწიფომ, შესაბამისად, პოლიციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა შეძლონ ლოცვა.
რაც შეეხება ადგილობრივების ურთიერთობას, ამას ჩვენ თვითონ, მრევლი გავარკვევთ. სახელმწიფო არ უნდა იქცეს მოდერნატორად _ სოფელ ბუკნარში დიდი ხანია ერთად ცხოვრებენ მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. მათ აქვთ საერთო ჭირი და ლხინი, ისინი მორიგდებიან. მთავარი აქ არის სახელმწიფოს მიდგომა _ თუ სწორად მიუდგება ხელისუფლება, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ ეს არის დანაშაული სხვისი უფლებების შელახვა, შესაბამისად, მსგავსი ფაქტები პრევენციული იქნება და აღარ გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გამოიჩენს ლოიალობას და მხოლოდ მოდენატორის როლს შეასრულებს, ეს ინციდენტი იქნება განგძნობადი და საკითხი მოუგვარებელი დარჩება.
ჩვენ კარგად გვახსოვს 2012 წელს სოფელ ნიგვზიანში და საქართველოს რამდენიმე ადგილას მსგავსი პრობლემები, რომელზედაც პასუხები არ გვაქვს.
კონკრეტულად და ლაკონურად _ ადამიანს აქვს ლოცვის უფლება, საქმე გამოძიებული უნდა იქნას და დანაშაული დამნაშავედ უნდა იცნას. ამ ყველაფერს სამართლებრივი ნორმა თუ არ მიეცა, მსგავსს პრობლემებს მოგვარება არ აქვს.
ადამიანები როცა ხელს უშლიან ლოცვას, არის დანაშაული და ამ საკითხის სამართლებრივი ნაწილი უნდა იყოს გამოძიებული. ეს არის უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო ამისთვის არის, რომ ამ უფლებების უზრუნველყოფა მოახდინოს“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ სოფელ ბუკნარში პარასკევის ლოცვა აუცილებლად ჩატარდება.