პანდემია სწრაფ ტემპში ვრცელდება, მაგრამ ამის მიუხედავად სოფლად თუ ქალაქად,ასფალტსა თუ მინდორში, სხვადასხვა სახის ნაგავთან ერთად დაყრილ პირბადეებს ვხვდებით.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ქუჩაში დაგდებული პირბადე ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენდეს.
ჩვენს კითხვას „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით გამართულ ბრიფინგზე, რომელიც -ეპიდსიტუაციას და მიმდინარე საკითხებს შეეხებოდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა.
იმნაძის თქმით, ქუჩაში დაგდებული პირბადე შესაძლოა ინფიცირების წყარო იყოს, ამიტომ არც მისი დაგდებაა რეკომენდებული, ხოლო ქუჩის დასუფთავებისას კი დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მისი გადაგდებისას.
„ქუჩაში დაგდებული პირბადე, თუ მას ხელით შეეხებით და მას ლორწოვან გარსზე მოისვამთ შესაძლოა, ინფიცირების წყარო იყოს. ამიტომ პირველ რიგში არ უნდა დავყაროთ პირბადეები ქუჩაში და მეორე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გადააგდონ“,_ გვიპასუხა იმნაძემ.