თბილისში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჩოხატაურის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ლია ჩიგოგიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები ვითარდება.
„ქრისტეს სახელით ადამიანებზე ძალადობენ. ეს არის მიუღებელი. საგანგაშო მდგომარეობაა. სირცხვილია, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოხატულია ასე უმართავი აგრესია. ქვეყანა აღარ გვექნება მალე. ძალიან სახიფათო მოვლენები ხდება“,_ ამბობს ჩიგოგიძე.
ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდი „ღირსების მარშის“ გამართვას აპირებდა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.
დილიდან დაძაბული იყო ვითარება რუსთაველის გამზირზე. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აგრესიას ავლენდნენ ჟურნალისტების მიმართაც. „თბილისის პრაიდის“ კონტრაქციაზე გამოჩნდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც პრაიდის მონაწილეებს სამარცხვინოებს უწოდებდნენ.
საბოლოოდ კი “ღირსების მარში” გადაიდო.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი