ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა, სადაც დეპუტატებს სამ ძირითად საკითხთან ერთად “სხვადასხვაზეც” უნდა ემსჯელათ, ძირითადად, მადლობების, შენდობისა და კეთილი სურვილების ფონზე წარიმართა.
სხდომას მერის რანგში პირველად ესწრებოდა ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც მანამდე საკრებულოს ამ შემადგენლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ედგა სათავეში.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს და აღმასრულებელი ხელისუფლების სამსახურების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, პატივისცემისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.
,,ეს გახლავთ ჩვენი მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ურთიერთთანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, საკრებულო თავის უფლებამოსილებას კარგად ახორციელებდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, სადაც უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი.
რაც შეეხება ახალი მოწვევის საკრებულოს, გულწრფელად მინდა მივულოცო თითოეულ არჩეულ დეპუტატს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნდობის გამოცხადება. მოხარული ვარ, რომ მათი გარკვეული ნაწილი მოქმედი საკრებულოს წევრები ბრძანდებით. წარმატებები მინდა გისურვოთ და იმედი მაქვს, ახალი მოწვევის საკრებულო ჩვენზე უკეთ, ნაყოფიერად წარუძღვება საქმიანობას“, _ აღნიშნა გიორგი ხელაძემ და დეპუტატებს განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შესთავაზა, რომლებსაც საკრებულოს წევრებმა ყოველგვარი დებატების გარეშე ერთხმად დაუჭირეს მხარი და მეტი დრო ურთიერთგამომშვიდობებას დაუთმეს.
სხდომათა დარბაზში უხვად ისმოდა კეთილი სურვილები, როგორც ახალი მოწვევის საკრებულოს, ასევე, ალექსანდრე სარიშვილის მისამართითაც. საკრებულოში შექმნილი საზეიმო განწყობის ფონზე შედარებით კრიტიკული იყო ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც, მართალია, ახალი საკრებულოს შემადგენლობაში არ არიან, თუმცა, აქტიური მოქალაქის პოზიციიდან აპირებენ ოპონირება გაუწიონ მმართველ გუნდს.
ბოლო სხდომის ბოლო აკორდი კი ერთობლივი სამახსოვრო ფოტოს გადაღება იყო, სადაც პოზიცია-ოპოზიცია ერთად პოზირებდა.