23 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ვიდრე დღის წესრიგს წარმოადგენდა, მიმართა სხდომის მონაწილეებს, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ სამი ქართველი მეომრისთვის, რომლებიც გმირულად დაეცნენ უკრაინაში.
დარბაზში გამოფენილი იყო ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო დროშები.
“ქართული ოცნების” საკრებულოს წევრ დეპუტატებს უკრაინის დროშის ფერებში წარმოდგენილი პირბადეები ეკეთათ.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 16-საკითხიანი დღის წესრიგის წარმოდგენის შემდეგ, დაიწყო თითოეულის განხილვა. თუმცა, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალი” დეპუტატების უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ჩხუბი და დაპირისპირება, სხდომის მანძილზე გაგრძელდა და ამის გამო გამოცხადებულ შესვენებაზეც არ შეჩერებულა.
ზრდასრული, ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ერთმანეთს ტოლს არ უდებენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით შემკობაში: “უზრდელი ხარ!” “მატყუარა და ცრუპენტელა ხარ!” “ენა ჩაიგდე!” “მოღალატეებო, გავრილოვი მოიყვანეთ!” “რუსებს მიეყიდეთ!” “სად გყავთ გასტროლიორი მერი?!” “ხოხ, რეფორმატორების გუნდი!” “უზრდელი და გაფუჭებული კაცი ხარ!”
საკითხი, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა.
დავით დარჩიამ თქვა, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებშია წარმოდგენილი.
_ ის განიხილეს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში და, ასევე, “ქართული ოცნების” ფრაქციაში. სამწუხაროდ, სხვა ფრაქციებს არ განუხილავთ და ალბათ, ისაუბრებენ აქ, _ თქვა მან და განმარტა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის ოდენობა 27 მილიონ 814 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. ხოლო კორექტირებული ბიუჯეტის ასიგნებებმა 41 მილიონ 805 ათასი ლარით განისაზღვრა.
დავით დარჩიამ ჩამოთვალა რიგი საკითხები: ქონების გადასახადი, “დღგ” გადასახადი თუ სხვა, რომლებიც გეგმის გადაჭარბებით შესრულდა. ასევე შესრულების პროცენტი მაღალია დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, ასევე, სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების შესრულება 95-98%-ით მოხდა. სრულად ვერ მოხერხდა მოსაკრებლის გადასახადის გეგმის შესრულება.
დარჩიამ თქვა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში, ფორმალურად უფრო სრულყოფილია, ვიდრე წინა წლების.
2021 წლის ბიუჯეტის ირგვლივ ისაუბრა საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსმა, პავლე ჭყონიამ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საუბრისას, ძირითადი დრო დაუთმო ყოფილი მერის კონსტანტინე შარაშენიძის კრიტიკას. მისი თქმით, ის საკუთარ თანამდებობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და მოიყვანა მაგალითები:
_ პროექტში მოხერხდა ახალგაზრდული პროგრამების შეტანა. გეგმით გათვალისწინებული 70 ათასი ლარის ნაცვლად, ათვისებული იყო 3 200 ლარი. ეს იდეა ყოფილი მერის მიერ არ იყო გაზიარებული იმის გამო, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირი გახლდათ. ასევე, გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული ტენდერები. ასევე, დასაწყობებული ჰქონდა საშენი მასალები და არჩევნების წინა პერიოდში გამოიყენა. პოლიტიკური დაპირისპირების გამო დაიბლოკა სოფელ დვაბზუში პროექტი, რომელიც ახლა, 2022 წლის ბიუჯეტში შევიტანეთ. ტენდერი ჩატარებულია და ახლა გავაკეთებთ, _ თქვა მარიკა ჩხიკვიშვილმა და თავმომწონედ თქვა, რომ 2022 წლის ბიუჯეტი დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან.
ამ ხაზგასმამ გააღიზიანა საკრებულოს წევრი, “ნაციონალი” დეპუტატი შალვა თავდიშვილი:
_ ქალბატონი მარიკა ამბობს, რომ შარაშენიძემ გზა არ დამიგო ჭიშკართან და ახლა დამიგებენო. გამოდის, დაუჩაგრავთ, თურმე. ახლა ტენდერშიც გაუმარჯვიათ და უგებენ. ოო, ეს არაა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა? _ ნიშნისმოგებით გასძახა მან ჩხიკვიშვილს.
ამ უკანასკნელმა კი სწრაფად უპასუხა, ჩემს სახლთან ასფალტი დაგებული არის და შეგიძლია, ნახოო.
_ დედაშენს, როზეტას უკეთებ, _ არ ცხრებოდა თავდიშვილი (როზეტა სკამკოჩაიშვილი წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო სოფელ დვაბზუდან. ავტ.) ის დიდხანს ბრაზობდა და ყვიროდა, სწორედ ესენი მოქმედებენ პოლიტიკური ნიშნით, საკუთარი სიმპათიით არჩევენ, ვინ, სად დანიშნონ და ვინ კიდევ სამსახურიდან გაუშვანო.
“ნაციონალმა” დეპუტატმა დავით მჟავანაძემ კატეგორიულად მოითხოვა ჩხიკვიშვილისგან, განემარტა, ყოფილი მერის მიერ მხოლოდ 2021 წელს ხდებოდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა თუ დანარჩენ წლებშიც ასე იყო. მაგალითად, 2017 წლიდან, როცა შარაშენიძე “ქართულ ოცნების” მაშველი რგოლი გახლდათ. ერთჯერადად ჩაიდინა დანაშაული შარაშენიძემ თუ სულ ჩადიოდა 2017 წლიდან?
თითქმის, პროკურორის როლში შესულ ჩხიკვიშვილს და მჟავანაძეს, რეპლიკებით შეაწყვეტინა საუბარი შალვა თავდიშვილმა და მიმართვის ფორმად “გოგო” გამოიყენა.
ამის გამო, ჩხიკვიშვილი გაბრაზდა, ლამის საკრებულოზე განსახილველი საკითხის მსგავსად მოითხოვა თემაზე ყურადღების გამახვილება და “თავდიშვილი “გოგოს ” მეძახის და ამ მიმართვას ყურადღება მიაქციონ ჟურნალისტებმაო”, თქვა.
_ რაც შენ საკრებულოს წევრ გოჩა შარაშენიძეს აქ, სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენე, ეს გიკვირს? მე ასაკით უფროსი ვარ და ასე წამომცდა, გენაცვალოს შალვა ბაბუა, _ ირონია არ დამალა თავდიშვილმა.
“ნაციონალმა” დეპუტატმა ბესო ქათამაძემ კი, პირიქით, სიცილი ვერ შეიკავა და რეპლიკა ისროლა: “თავდიშვილს დავსჯით, აუცილებლად, ეს რა თქვა!”
რაკი ჩხუბი და ყვირილი არ შეწყვიტეს დეპუტატებმა, თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.
თუმცა ჩხუბი შესვენებაზეც გაგრძელდა.
“ნამდვილი საგიჟეთია!” _ ერთმანეთში საუბრობდნენ “ქართული ოცნების” ქალბატონი დეპუტატები.
შესვენების შემდეგ, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კვლავ გაგრძელდა.
ცვლილებები შევიდა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ნორმატიულ აქტში.
საკითხის ირგვლივ გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.
თანამდებობის პირებზე ხელფასების ზრდა გააპროტესტეს და კვლავ ხმაური დაიწყეს საკრებულოს “ნაციონალმა” წევრებმა:
_ ხუთი ათას ლარამდე ხელფასი უნდა მიიღოს გასტროლიორმა მერმა? სად არის? ცხრა სხდომა ჩატარდა და ერთხელ არ მოსულა. მოიყვანეთ, ნახვა მინდა, თვალებში უნდა ჩავხედო, _ გამუდმებით ისროდა რეპლიკებს შალვა თავდიშვილი.
“სლენგით ნუ საუბრობ, ქართულად ისაუბრე”, _ შეუსწორეს თავდიშვილს საპირისპირო მხრიდან.
ბესო ქათამაძემ მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს ჰკითხა, თუ როგორ ჩატარდება რეორგანიზაცია და ადგილი ხომ არ ექნება პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების შევიწროებას.
_ ამ რეფორმის მიხედვით საშტატო ერთეულების შემცირება მოხდება თუ იგივე დარჩება? ა(ა)იპ ორგანიზაციებში მუშაობდა ხალხი, რომლებმაც სამსახურის მისამართიც არ იცოდნენ, _ არ ცხრებოდა როგორც მჟავანაძე, ისე ქათამაძე.
გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა.
_ არსებობს აუდიტის დასკვნა, რა პრობლემები იქმნებოდა. ამ დასკვნების მიხედვით ჩავატარებთ რეფორმას. მოხდება სიახლეების დანერგვა, სადაც გასაფართოებელი იქნება სერვისი, იქ გავაფართოებთ, _ უპასუხა ღურჯუმელიძემ.
_ აცალეთ, რეფორმატორების გუნდია! ვაი, თქვენს პატრონს! ზუსტად პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ არასასურველ პირებს! ყველას გაასწრეს, ადრე თუ ვინმეს მსგავსი გაუკეთებია, _ თავისას არ იშლიდა თავდიშვილი.
“ნაციონალმა” დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა, თანამდებობის პირთათვის გაზრდილი ხელფასები გააპროტესტა და წარმოადგინა ოზურგეთში, ექადიის უბანში მცხოვრები ვენერა გაზდელიანის საცხოვრებელი სახლის ამსახველი ფოტოები.
_ მაცალეთ საუბარი! როცა თქვენ მაღალი ხელფასებით ხართ დაინტერესებული, ასეთი მოქალაქეები ელემენტარული დახმარების გარეშე რატომ რჩებიან? მთელი ზამთარი უჭერო სახლში ცხოვრობდა ეს ქალბატონი. რატომ არ დაეხმარეთ? _ იკითხა ნიკოლაშვილმა და კვლავ გაიმეორა ხელმძღვანელი პირების მისამართით, ხელფასების ზრდის თაობაზე.
საკრებულოს წევრმა მარინა ვაშალომიძემ ისაუბრა გაზდელიანის შესახებ, რომ მასთან სახლში დადიან, იცნობენ მის პირობებს და მალე გაეწევა დახმარება.
გიორგი ღურჯუმელიძემ უთხრა მას, რომ თავად შეეკრიბათ ფული და დახმარებოდნენ გაზდელიანს.
_ რამდენი გაქვთ ხელფასი? _ ჰკითხა მან ნიკოლაშვილს.
ნიკოლაშვილმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ 450 ლარი აქვს სადეპუტატო უფლებამოსილების გახორციელებისთვის.
_ ჩვენ ხელფასები კი არ უნდა შევკრიბოთ, ბიუჯეტში ჩადეთ ეგ თანხა. სამარცხვინოა, ამხელა ხელფასები, როცა ხალხს ასე უჭირს, _ თქვა ქათამაძემ.
მჟავანაძემ კი წალენჯიხის მაგალითის გამეორება ურჩია მათ, რასაც “ქართული ოცნების” შემადგენლობაში სიცილი მოჰყვა.
_ იცინეთ! 5 ათასი ლარი რომ ენიშნება მერს ხელფასი და ბატონმა ბიგვავამ ხელი უნდა მოაწეროს, ამაზე გვექნება საუბარი. დილით ადრე რომ გამოდიხართ და დასუფთავებულია ქუჩები, უბნები, იცით, რამდენი აქვთ იმ ადამიანებს ხელფასი? ამაზე იფიქრეთ! _ ამჯერად დავით მჟავანაძემ მიმართა საკრებულოს.
გიორგი ღურჯუმელიძემ, ხმაურიანი საკითხების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეფორმა, ცვლილებები მოხდება სახელმწიფო და შიდა აუდიტის დასკვნების გათვალისწინებით.
საბოლოოდ, საკრებულოს ხმაურიანი სხდომა, დასასრულისკენ შედარებით სიმშვიდით წავიდა და დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ხოლო ცნობად მიიღეს გასული წელს გახორციელებული შესყიდვების შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია.
ცვლილებები შევიდა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ნორმატიულ აქტში.
დამტკიცდა განკარგულება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ _ განკარგულება ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საშუალებების: ნაგავმზიდების, თვითმცლელებისა და კონტეინერების “მომსახურების ცენტრისთვის” გადაცემას ეხება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ _ წარმოების ვადად 5 დღე განისაზღვრა.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მერიისა და მისი სამსახურების დებულებების დამტკიცების, აგრეთვე, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, ნორმატიული აქტების მისაღებად.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის” დაფუძნების შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემისა და ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის” მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის გამახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოდ განსაზღვრის თაობაზე, განკარგულების მიღებას.