დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრები 11 საათზე შეიკრიბნენ.
როგორც უკვე დავწერეთ, ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მერი დავით შარაშიძე იქნება. მას სამი მოადგილე ეყოლება. პირველი მოადგილის პოსტს ზაალ მამალაძე დაიკავებს, რომელსაც წინა მოწვევის საკრებულოშიც აღნიშნული თანამდებობა ეკავა. უცვლელად დარჩნენ საკრებულოს მოადგილის პოსტზე ჯუმბერ ბერძენიშვილიც და დავით გუდავაძეც.
საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ერთი – “ქართული ოცნება”, რომლის თავმჯდომარე ლაშა თოლორდავა იქნება, რომელსაც აღნიშნული პოსტი წინა მოწვევის საკრებულოშიც ეკავა, ხოლო მეორე ფრაქციაა- “ხალხის ძალა”. საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე კობა კალანდაძე იქნება. ცნობისთვის, ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნების” პროპორციული სიით იყო. რაც შეეხება პარტიას “ლელო-ძლიერი საქართველო”, რომელიც არჩევნებში გახარიას პარტიასთან ერთად იღებდა მონაწილეობას, საკრებულოში ერთი წევრით, მამუკა ცინცაძეთია წარმოდგენილი.
რაც შეეხება საკრებულოში შექმნილ კომისიებს,
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ვლადიმერ სიხარულიძე უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, მას აღნიშნული თანამდებობა წინა მოწვევის საკრებულოშიც ეკავა. უცვლელად დარჩა ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აკაკი ყაჭეიშვილიც. სოციალური, განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის პოსტზე ახალი მოწვევის საკრებულოში შეინარჩუნა თანამდებობა ზვიად მამალაძემაც. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ კი მაია კუტუბიძე აირჩიეს, რომელიც ყოფილი მერის, დავით შარაშიძის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას, თავმჯდომარედ მარიტა მგალობლიშვილი აირჩიეს.































































