3 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დეპუტატებს 24-საკითხიანი დღის წესრიგი გააცნო. მან ხაზი გაუსვა სიახლეს _ შეიქმნა ახალი საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახური.
საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება და საშტატო ნუსხა ახლადარჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ გააცნო, რაც, საბოლოოდ, საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნული ნუსხა მოიცავს ცხრა საშტატო ერთეულს, რაზეც დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც საკრებულოს მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ასევე, დაიწყო მუდმივმოქმედი კომისიების დებულებების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
საკრებულოში 21 საჯარო მოხელე და 3 შტატგარეშე თანამშრომელი იმუშავებს.
სხდომის დასასრულს დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას მიმართა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საკრებულოს დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ. მისი თქმით, 5 დეკემბერს თეატრი პრემიერას მართავს ოზურგეთის სურათების გალერეაში, საგამოფენო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა რეჟისორის მამუკა ბაბილოძის შემოქმედებითი ექსპერიმენტი, სამუელ ბეკეტის პიესა „თამაში“. პროექტი სურათების გალერეის ხელმძღვანელობასთან ერთად გაკეთდა. მან, ასევე, ისაუბრა უმნიშვნელოვანეს თარიღის _ თეატრის 150 წლის იუბილეს შესახებ.
_ მალე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის 150 წლის იუბილე შეუსრულდება და ამისთვის საგანგებო თანადგომაა საჭირო, რის იმედიც მაქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, _ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ, რაზეც დეპუტატებმა ტაშით უპასუხეს.