„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ღურჯუმელიძის კანდიდატურა განიხილება.
ჩვენი წყაროს თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მმართველმა გუნდმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე გახდა.
როგორც გვითხრეს, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ამის გამო საკრებულოში „ძლიერი ხელი“ სჭირდებათ და ამ პოსტზე მოაზრებული დავით დარჩია არ გამოდგება.
_ იყოს მერე ღურჯუმელიძე! თუ იქნება, რა ჯობია მაგას! _ აღნიშნა დავით დარჩიამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ამ თემაზე გუშინ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს ახალარჩეულ წევრებთან ერთად ესწრებოდა, არ უსაუბრიათ.
_ არ ვიცი, იქ რაზე ისაუბრეს. ჩავედი და ჩამოვედი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით დარჩია.
_ ბატონო დავით, შეხვედრაზე იმყოფებოდით და არ იცით, რაზე იყო საუბარი?
_ მართლა არ ვიცი, _ გვითხრა დარჩიამ.
მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გიორგი ღურჯუმელიძე:
_ ჩემთან მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა. პირველად მესმის, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ღურჯუმელიძე 2012-2014 წლებში ოზურგეთის იმდროინდელი გამგებლის და ეხლანდელი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოადგილედ მუშაობდა.
თუმცა, 2014 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შარაშენიძე გამგებლის კანდიდატად არ დააყენა, ღურჯუმელიძე „ქართულ ოცნებაში“ დარჩა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მოადგილედ დაინიშნა, რის გამოც შარაშენიძის და მისი გუნდის კრიტიკაც დაიმსახურა სხვა „ბანაკში“ გადასვლის გამო.
ამის გამო, ღურჯუმელიძე შარაშენიძის მომხრეებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გააკრიტიკეს და „გამყიდველიც“ არაერთხელ უწოდეს.
ამ ბრალდებებზე ღურჯუმელიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ოზურგეთში, პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია და არა ვინმეს მიმდევარი.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ ეს გარემოებებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ღურჯუმელიძე უნდა, რომელიც დარჩიაზე უკეთ შეძლებს შარაშენიძის გაკონტროლებას:
_ მას უფრო მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა აქვს, რომ პროცესები სწორად მართოს. ეს იციან „ქართულ ოცნებაში“ და ამიტომაც ფიქრობენ, რომ დარჩია ღურჯუმელიძით ჩაანაცვლონ, _ ამბობს ჩვენი წყარო.
მისივე ინფორმაციით, ამ სურვილის შესასრულებლად მმართველი გუნდი საკრებულოს წევრებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.