პროკურატურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი — პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი — 5 მლნ ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც 10 წლამდე თპატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.































































