საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა.
2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ცნობისთვის, საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.