საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა – ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, გიორგი ქურდოვანიძემ ბავშვობის მეგობარ გიორგი ფეიქრიშვილის ტყვია გულმკერდის არეში ესროლა და რამდენიმე გასროლით ადგილზევე მოკლა.
როგორც მოკლულის მამა “ტვ პირველთან” ამბობს, შვილი ბოლოს გვიან ღამით იქამდე ნახა, სანამ გიორგი ქურდოვანიძე გიორგი ფეიქრიშვილს სატელეფონო ზარის მეშვეობით სახლიდან გაიყვანდა.
მეგობრები იყვნენ. არ ვიცი, მკვლელობის მოტივი რა არის. მწყემსა იპოვა და მისგან შევიტყვე”, – ამბობს ტარიელ ფეიქრიშვილი.
შემთხვევა 7 თებერვალს, სოფელ ანთოკის შესასვლელთან, ე.წ. ქუჩური გარჩევის შედეგად მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გააცრცელა შსს-მ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.