ა(ა)იპ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული ქართველი კადეტების მიერ დაარსდა, 25 ივნისს, 10:00 საათზე, ქალაქ თბილისში საქველმოქმედო გარბენს, სახელწოდებით “თბილისი დარბის გმირებისთვის” მართავს.
გარბენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფის იდეას ემსახურება, რისთვისაც მონაწილეობის მოსაკრებლიდან და სხვა სახის შემოწირულობებიდან შემოსული თანხები, სრულად მოხმარდება ქალაქ თბილისში გმირების სახელობის რეკრეაციული პარკის მშენებლობას.
აღსანიშნავია, რომ გარბენის საშუალებით აშენებული პარკი არსობრივად განსხვავებული იქნება სხვა პარკებისაგან, ვინაიდან მასში არსებული თითოეული ხე, სკამი და სხვა სახის ინვენტარი კონკრეტული გმირის მონუმენტი იქნება. ასევე, თითოეულ მათგანთან განთავსდება ინფორმაციული დაფა, რომელიც პარკის სტუმრებს მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტული გმირის დამსახურების შესახებ, რაც დასავლურ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღესდღეობით, საქართველოში საქველმოქმედო მიზნებით არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება, თუმცა ქვეყნის სუვერენიტეტისათვის დაღუპული გმირების მსგავსი გზით დაფასება შედარებით ახალი იდეაა. ამიტომ, გარბენი მიზნად ისახავს გახდეს დედაქალაქის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ჯანსაღი აქტივობების გზით ყოველწლიურად მიაგებს პატივს საქართველოსათვის თავდადებულ პირებს და ამასთანავე, საზოგადოების საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების გზით გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
გარბენის პარტნიორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ფინანსური მხარდამჭერია ს.ს ლიბერთი ბანკი, მედიქლაბ ჯორჯია, ინსტიტუციურ დახმარებას ღონისძიებას უწევენ ქალაქ თბილისის მერია და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge. თბილისი 25 ივნისი, დასაწყისი 10:00 საათი, საქველმოქმედო გარბენი “თბილისი დარბის გმირებისთვის”.
(R)