“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სწრაფად აღდგენა სახელმწიფოს არსებობისთვის მნიშვნელოვანია.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ორპარტიულ ინიციატივას, რომელიც ამერიკის სენატში დაიწყო და რომლის გათვალიწინებითაც ამერიკამ უნდა გაატაროს განსაკუთრებული პოლიტიკა ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პორტების ხელში ჩაგდების გასანეიტრალებლად.
ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტიდან გააძევა დასავლელი ინვესტორები და ამ პორტის გადაცემა გადაწყვიტა სწორედ ჩინეთისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ პოტენციურად ეს ჩვენ ხელს გვიშლის აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
საქართველოს შეიძლება არ აქვს მდიდარი რესურსები წიაღისეულის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რომ ცენტრალური აზიიდან საქართველოს გზით გატარდეს წიაღისეული და მიეწოდოს დასავლურ ბაზრებს. სწორედ ეს არის ის, რამაც დღეს შეიძლება დააინტერესოს ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს.
ჩვენ, “ლელოს – ძლიერ საქართველოს” დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ანაკლიის პორტში დაბრუნდეს ამერიკული ინვესტიციები და განახლდეს დასავლური ინვესტიციებით პორტის მშენებლობის პროცესი, თუმცა ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური ძალაუფლება მითვისებული აქვს არალეგიტიმური მთავრობის სახით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს!
ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სწრაფად აღდგენა”,_ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.































































