სალომე სამადაშვილმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან.
„როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული. ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტზე.