[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ – ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების გამართვის პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, უწყების მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ისინი „ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი და წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად“.
„მათი [შსს-ს] განცხადებები მხოლოდ იმისი მანიშნებელია, რომ ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი, წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად. როგორც ჩანს, არაფერი არ მუშაობს, რადგან აქ არის დიდი ძალა. ძალა – არ დანებდე და არ შეეგუო იმას, რაც ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს. ამის წინაშე ვერაფერს გააკეთებ.
[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ – ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.






























































