“შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ალბათ საჭიროა, რომ მართლა შეგახსენოთ. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი”, _ თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს უმაღლესი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ასე, რომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და ხან რომელს მიმაწებეთ. ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალეთ. მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს. ვერ შემცვალეთ და ესეც იქნება მომავალში. როგორც ამბობენ, საქმემან შენმან წარმოგადგინოთ შენო”, _ თქვა პრეზიდენტმა.