საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიები მათივე დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ხშირად აქვეყნებენ და შემთხვევითი არ არის კვლევაში იმ საპრეზიდენტო კანდიდატის ლიდერობა, რომელიც კომპანიისთვის სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შემკვეთია.
_ სოციოლოგიური გამოკითხვები, სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და პიარის საკეთებლად გადაიქცა“, _ აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების გარდაუვალობაზე საუბრობს.
ძაბირაძე სამ კანდიდატს ასახელებს: გრიგოლ ვაშაძეს, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს, რომელთაც მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვთ.
ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს მოცემულობა, შესაძლოა, მალევე შეიცვალოს და ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის პირველ ან მეორე ტურში გადასვლა იმ შემთხვევაში დადგეს ეჭვქვეშ, თუ სალომე ზურაბიშვილი ერთ ან რამდენიმე ხმაურიან განცხადებას არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ გაახმოვანებს.
წინასაარჩევნო პროგნოზებზე ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს:
_ კვლევას თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, ლიდერობს ვაშაძე. თუ ატარებს ,,ევროპული საქართველო“, ლიდერობს ბაქრაძე. ,,ქართული ოცნება“ კი იუწყება, რომ სალომე ზურაბიშვილი გავა პირველსავე ტურში.
რეალურად, აუცილებლად იქნება მეორე ტური, თუ წინასაარჩევნოდ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა. მეორე ტურში გასულს შანსები აქვს სამივე კანდიდატს (იგულისხმება ვაშაძე, ზურაბიშვილი და ბაქრაძე).
საბოლოოდ, რომელ ორ კანდიდატს ვიხილავთ მეორე ტურში, ძირითადად, დამოკიდებულია არა ამომრჩეველზე, არამედ იმაზე, კიდევ რა მარგალიტებს გადმოაფრქვევს სალომე ზურაბიშვილი სამი კვირის განმავლობაში.
არსებობს კანდიდატი, რომელიც მაღლა დგას სხვა კანდიდატებზე და ეს არის დავით უსუფაშვილი.
თუ ჩვენ გვინდა ,,ქართული ოცნების“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტი, მაშინ ამ სამში გავაკეთოთ არჩევანი“, _ აცხადებს ძაბირაძე.
საპრეზიდენტო არჩევნებში როგორი იქნება ძალთა გადანაწილება, ჯერჯერობით, უცნობია.
არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.