ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს, სანიაღვრე არხებს უკავშირდება. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ეს პრობლემა მეტ–ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა, სოფლებში ასე არაა. აქ, უმეტეს შემთხვევაში, ან საერთოდ არ არსებობს სანიაღვრეები, ან თუ არის, იმდენად მოუწესრიგებელი და ამორტიზებულია, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის.
გამონაკლისი ამ კუთხით არც სოფელი ჯაპანაა, სადაც წვიმისას სანიაღვრე არხიდან გადმოსული წყალი სოფლის სტადიონსა და მოსახლეობის ეზოებს ტბორავს. ირკვევა, რომ პრობლემა არახალია და წლებია, აწუხებს აქაურებს.
“აღარ ვიცი ვის დავურეკო, ვინაა პატრონი, ან ვის ევალება.
სახლში, ტყიდან შემოვარდნილი წყალი დგას, ეზოში კიდევ გზის არხიდან გადმოსული ნიაღვარი, წლებია არ გვარდება ეს პრობლემა, სანიაღვრე არხს გასასვლელი არსად აქვს. სოფლის სტადიონთან მთავრდება არხი.
სამარცხვინოები ხართ, ვინც ასე იგდებთ ხალხს“, _ დაწერა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ქეთი დოლიძემ, როცა წვიმისას სანიაღვრე არხიდან გადმოსულმა წყალმა ეზო დაუტბორა.
როგორც ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გიგა დოლიძესთან საუბრისას გავარკვიეთ, ზემოთ ნახსენები პრობლემის გადაჭრა საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა და ამ კუთხით მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები:
“ეს ტერიტორია ფოთის საგზაო სამსახურს ეკუთვნის, იყვნენ მოსულები ადგილზე. პირველ ეტაპზე როგორც შესაძლებელი იყო, გაიწმინდა არხი. უნდა ჩამოვიდნენ და ტექნიკის ჩარევით მოწესრიგდეს არხი, რამდენიმე ადგილას მილია გამოსაცვლელი. ნახეს თუ რა ზომის და როგორი მილებია საჭირო. ამ დღეებში ისევ ველოდებით მათ ჩამოსვლას და დაიწყება შესაბამისი სამუშაოები პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად“, _ გვითხრა გიგა დოლიძემ.
ავტორი