ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ამასთან, ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, რის გამოც, სასწავლო პროცესი ამდროისთვის, შეწყვეტილია. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებიგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ამ ეტაპზე, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ასევე, წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგურს შტორმის გამო, ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპირისთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა. რაც შეეხება მესტიას, ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც ცნობილია, წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად ჩარჩენილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. ამასთან, რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ავტორი